Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

მოხარული ვარ, რომ ეწვიეთ არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდს. მადლობას გიხდით საქართველოსა და საელჩოს საქმიანობისადმი გამოჩენილი ინტერესისათვის.

საქართველოს საელჩო ქ. ბუენოს-აირესში 2012 წლის იანვარში გაიხსნა და არგენტინასთან ერთად, ის აკრედიტებულია ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ჩილეს რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ 2022 წლის დეკემბრიდან ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში. 

საქართველოს საელჩო მუდმივად მზად არის საკონსულო მომსახურება გაუწიოს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან საელჩოს ადგილსამყოფელ ან დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებში. ამასთან, ტურისტული, კომერციული თუ სხვა მიზნით მგზავრობით დაინტერესებულ პირებს, საელჩო სიამოვნებით აღმოუჩენს სათანადო დახმარებას საქართველოს, როგორც გამორჩეულად სტუმართმოყვარე და მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნის უკეთ გაცნობის საქმეში.

ნიშანდობლივია, რომ ლათინური ამერიკისა და კონკრეტულად, სამხრეთ ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივ, რეგიონულ თუ მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების განვითარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებით ვაფასებთ რეგიონის ქვეყნების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილსამყოფელ და დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებთან საერთაშორისო წესებსა და პრინციპებზე, საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ამგვარ ღირებულებებს ემყარებოდა ჯერ კიდევ 1918-1921 წლებში, არსებობის 3 წლის მანძილზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ევროპული სტანდარტების კონსტიტუციის მიღება, საკანონმდებლო ორგანოში ქალებისა და ეროვნული უმცირესობების არჩევა და მონაწილეობა, პროგრესული ეკონომიკური რეფორმების გატარება და სხვა. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ, 1919 წლის 15 სექტემბერს, არგენტინა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც ოფიციალურად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის, ასევე, პირველი და მეორე მსოფლიო ომების შედეგად გამოწვეული მიგრაციის გამო, ქართული ემიგრაციის ნაწილი ევროპიდან არგენტინაში და ჩილეში ჩავიდა და აღნიშნულ ქვეყნებში დამკვიდრდა. ამ მხრივ, საგულისხმოა თამარ და აკაკი პაპავების, ვიქტორ ნოზაძის, ავთანდილ მერაბაშვილის მოღვაწეობა სამხრეთ ამერიკაში. ჩვენთვის სიმბოლური და ფასეულია ვიქტორ ნოზაძისა და ავთანდილ მერაბაშვილის დახმარებით, 1964 წელს ჩილეში გამოცემული, გუსტავო დე ლა ტორეს მიერ ესპანურ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“.

დღეს, საქართველო საერთაშორისო სისტემის სრულფასოვანი და პასუხისმგებლობიანი მონაწილეა და აქტიურად აგრძელებს რეგიონულ და მრავალმხრივ ფორუმებზე საკუთარი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვასა და გატარებას. ამ თვალსაზრისით, ისტორიული მნიშვნელობის იყო 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენდა არაერთი თაობის ქართველის, მათ შორის, სამხრეთ ამერიკაში ემიგრირებული ქართველების და მათი შთამომავლების ოცნებას. გვჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები, ქვეყნის სტრატეგიულ ადგილმდებარეობასთან ერთად ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის შუაგულში, არაერთ შესაძლებლობას თუ სარგებელს გულისხმობს საელჩოს ადგილსამყოფელ და დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

საელჩოს გუნდი ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ხსენებულ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობები წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი მაგალითით გამოირჩეოდეს და ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდეს.