ინფორმაცია ელჩის პარაგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის თაობაზე
2024 წლის 7-8 ნოემბერს, საქართველოს ელჩი, გვარამ ხანდამიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პარაგვაის რესპუბლიკაში. ელჩმა შეხვედრები გამართა პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რუბენ რამირეს ლესკანოსთან, მინისტრის მოადგილესთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვიქტორ ალფრედო ვერდუნ ბიტართან, მინისტრის მოადგილესთან ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინტეგრაციის საკითხებში, პატრისია ფრუტოს რუისთან, პარაგვაის სენატორთა პალატის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტთან, სენატორ ანტონიო ბარიოსთან და ამავე პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, სენატორ გუსტავო ლეიტესთან და სენატორ ლისარელა ვალიენტესთან, დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, დეპუტატ დიეგო კანდიასთან.
საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა მხარეთა პრიორიტეტები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საუბარი შეეხო სამხრეთ ამერიკისა და შავი ზღვის რეგიონებში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის წარმატებული ვიზიტი ასუნსიონში მ.წ. აპრილში.
მინისტრის მოადგილეებთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, კავშირების გაღრმავების და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის კონკრეტული შესაძლებლობები.
სენატორებთან და დეპუტატთან ერთად, საქართველოს ელჩმა მიმოიხილა საქართველოსა და პარაგვაის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები. ხაზგასმით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის არსებული წინაპირობები და სამომავლო პერსპექტივები.