საქართველოს საელჩოს გუნდი არგენტინის საგარეო უწყების არქივს ეწვია
19 თებერვალს, საქართველოს ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში, გვარამ ხანდამიშვილი საელჩოს გუნდთან ერთად, არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს არქივს ეწვია.
საელჩოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს არგენტინის საგარეო უწყების არქივში დაცული დიპლომატიური მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები, ასევე, მოიძიეს 1919 წლის 15 სექტემბერს, პრეზიდენტ იპოლიტო ირიგოენის მიერ ხელმოწერილი დეკრეტის ორიგინალი, რომლითაც არგენტინამ, პირველმა ცნო ოფიციალურად, საქართველო თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. უახლოეს მომავალში, არგენტინის საგარეო უწყების არქივში დაცული ისტორიული დოკუმენტები ციფრულ ფორმატში, ქართულ მხარეს სრულად გადაეცემა.