- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- გვარამ ხანდამიშვილი
გვარამ ხანდამიშვილი
გვარამ ხანდამიშვილი არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის უფლებამოსილების შესრულებას 2022 წლის 3 დეკემბერს შეუდგა.
არგენტინაში ელჩად დანიშვნამდე, 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის დეკემბრამდე გვარამ ხანდამიშვილს გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის პოსტი ეკავა. მან თავისი დიპლომატიური კარიერის დიდი ნაწილი დაუთმო საქართველოს ურთიერთობებს დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებთან, ასევე რეგიონულ ორგანიზაციებთან და მექანიზმებთან.
2019 წლის აპრილში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციის დაკავებამდე გვარამ ხანდამიშვილი ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
მანამდე გვარამ ხანდამიშვილი დიპლომატიურ თანამდებობებს იკავებდა შვედეთის სამეფოსა და მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოებში.
ბატონმა გვარამ ხანდამიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა), სადაც კვების ტექნოლოგიებს, საბაჟო საქმიანობასა და ეკონომიკას სწავლობდა.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში სწავლობდა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (CSU, East Bay - Hayward), სადაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თავისუფლების მხარდაჭერის აქტის სტიპენდიატის სტატუსით ბიზნესის ადმინისტრირების კურსები გაიარა.
გვარამ ხანდამიშვილს აგრეთვე გავლილი აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა - Professional Fellows Program, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკა გაიარა ვაშინგტონში განლაგებულ კვლევით ცენტრში - დასავლეთ ნახევარსფეროს საქმეთა საბჭოში, რომელიც აშშ-სა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ურთიერთობებს იკვლევს.
2017 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია მოიპოვა, გვარამ ხანდამიშვილმა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების სკოლის (SAIS) საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის მაგისტრის (MIPP) ხარისხი მიიღო.
გვარამ ხანდამიშვილი თავისუფალ დროს მოგზაურობასა და კითხვას უთმობს. დაქორწინებულია ქ-ნ თამარ ზურაბიშვილზე და ჰყავს ქალიშვილი - ნატალი.