რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის, "მანდარინების" ჩვენების შესახებ
2024 წლის 24 სექტემბერს, არგენტინაში საქართველოს საელჩოსა და CEMA-ს უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტში ზაზა ურუშაძის ფილმის, „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა.
კინოჩვენება გახსნეს კინოკრიტიკოსმა პაბლო დე ვიტამ და პროფესორმა ხოსე მარია პოირიერმა. დამსწრეთა წინაშე, სიტყვით წარსდგა საქართველოს ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში, გვარამ ხანდამიშვილი.
ელჩმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და რეჟისორ ზაზა ურუშაძის ქალიშვილს, ანა ურუშაძეს ფილმის ჩვენებაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ელჩმა მიმოიხილა საქართველოს შემადგენლობაში, აფხაზეთის ფორმირების სხვადასხვა ეტაპები და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ეს განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო ყველაზე მრავალფეროვანი და მრავალეთნიკური მხარე. ელჩმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის (აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის) უკანონო ოკუპაციასა და ამ რეგიონებიდან ქართული მოსახლეობის მასობრივი გაძევების ფაქტებზე. ხაზი გაესვა არგენტინისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ჩვენებას ესწრებოდნენ არგენტინის სხვადასხვა უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და კინოხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოება.
ჩვენების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ანტონიო მარინმა ელჩს CEMA-ს უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო სიგელი გადასცა. ღონისძიების ბოლოს დამსწრეთათვის უნუვერსიტეტისა და საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით მიღება გაიმართა.