Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელ პირებთან

3 ოქტომბერს, არგენტინის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი დოლიძის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა და კულტთა სამინისტროს მდივანთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, კლაუდიო ხავიერ როზენკვაიგთან და ამავე უწყების ორმხრივი და მრავალმხრივი ეკონომიკური მოლაპარაკებების მდივანთან, რამირო ისიდორო ორდოკისთან.
 
საქართველოს დელეგაცია ბუენოს-აირესს 2-6 ოქტომბერს სტუმრობს, რაც 29 ივნისს, თბილისში, საგარეო უწყებებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე გამართული პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელებას წარმოადგენს და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის გაფართოებას ისახავს მიზნად როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სექტორული მიმართულებებით. კლაუდიო როზენკვაიგთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, აღინიშნა არგენტინა-საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის პოზიტიური დინამიკა, სამართლებრივი ბაზის გაფართოების საკითხები, თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და გლობალური დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს.
 
რამირო ორდოკისთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის გაზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებზე. არგენტინულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიური განვითარების პოზიტიურ მაჩვენებლებზე, გაიცვალა ინფორმაცია სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობებზე, საუბარი შეეხო საქართველოს მზარდ როლს რეგიონული ჰაბისა და სატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით. თავის მხრივ, არგენტინულმა მხარემ ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორებისა და მიმდინარე პროექტების თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ მუშაობის გაგრძელებაზე სავაჭრო მისიების ორგანიზების კუთხით.
 
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბექა ჩხეიძე, ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის სამმართველოს უფროსი, მაია დევაძე და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი.