Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბუენოს-აირესის სამართლის ფაკულტეტმა უმასპინძლა სემინარს "საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 16 წლის თავზე".

არგენტინაში საქართველოს საელჩოსა და ბუენოს-აირესის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, ამავე ფაკულტეტის "მწვანე სალონში" გაიმართა სემინარი, სახელწოდებით: "საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 16 წლის თავზე".
 
სემინარი გახსნა სამართლის პროფესორმა, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და სადოქტორო პროგრამების კურატორმა, რიკარდო რაბინოვიჩ-ბერკმანმა, რომელმაც ისაუბრა დღევანდელ მსოფლიოში კონფლიქტების გადაჭრის მნიშვნელობაზე, რუსეთის შესაკავებლად ერთიანი პოლიტიკის ქონის საჭიროებასა და შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
 
საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგებზე და მის გავლენაზე შავი ზღვისა და ევროპის უსაფრთხოებაზე; აგრესიიდან 16 წლის თავზე საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, ასევე საერთაშორისო სასამართლოების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებით გამოტანილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაჭრის აუცილებლობაზე საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და გაეროს ქარტიის შესაბამისად.
 
საელჩოს მრჩეველმა, ნინო ფიფიამ მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ისტორიული და კულტურულ-ლინგვისტური ასპექტები. სემინარზე მოხსენებით წარსდგა ასევე "ლათინური ამერიკის ღიაობისა და განვითარების ცენტრის" (CADAL) გენერალური დირექტორი, გაბრიელ სალვია, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს, არგენტინისა და დემოკრატიული სამყაროს სწორი და მკაფიო პოზიციონირების მნიშვნელობას ლათინური ამერიკის, შავი ზღვისა თუ მსოფლიოს სხვა რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. სემინარს მოდერატორობას უწევდა სამართლის პროფესორი, ელისაბედ სილვა. სემინარს ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ასევე აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და არგენტინის საგარეო უწყების წარმომადგენლები. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.