ელჩის ვიზიტი ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში
12 - 13 მაისს, საქართველო-ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 31-ე წლისთავზე, საქართველოს ელჩი ურუგვაიში, გვარამ ხანდამიშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი) მონტევიდეოს ეწვია და შეხვედრა გამართა ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ვალერია კსუკასისთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრაზე, ურუგვაულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა პროექტ Plan Ceibal-ის წარმომადგენლებთან, განხილულ იქნა ურუგვაული მხარის გამოცდილება დაწყებით და საშუალო საფეხურზე სკოლების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვისა და რიგი სამეცნიერო და აკადემიური პლატფორმების შემუშავების და დანერგვის კუთხით. ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ საელჩოს მრჩეველი, ნინო ფიფია და საქართველოს საპატიო კონსული ურუგვაიში, ლუის ფრაპოლა.