საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა არგენტინის სენატში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან
13 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა არგენტინის სენატში შეხვედრა გამართა საქართველოსთან მეგობრობის ახლადშექმნილი საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, სენატორებთან: ბეატრის ავილასთან, (ჯგუფის თავმჯდომარე), მარტინ გოერლინგთან (თავმჯდომარის მოადგილე), ფრანსისკო პაოლტრონისთან (სენატის საგარეო ურთიერთობათა და კულტთა კომიტეტის თავმჯდომარე), მარიანა ხურისთან და ვილმა ფაკუნდა ბედიასთან. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ სენატორები: ალფრედო დე ანხელი (სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის და მეთევზეობის კომიტეტის თავმჯდომარე) და კარმენ ალვარეს რივერო.
მხარეებმა საქართველოსა და არგენტინას შორის არსებულ კავშირებზე და არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტის სფეროებში. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ურთიერთობებში საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვანი როლი და არგენტინის პროვინციებთან ქართული მხარის კავშირების გაფართოების მნიშვნელობა.