საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში
15 აგვისტოს, ქალაქ ასუნსიონში, საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სანტიაგო პენია პალასიოსის ინაუგურაციის ცერემონიაში. დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით მიულოცა პრეზიდენტ პენია პალასიოსს საპრეზიდენტო მანდატის დაწყება, წარმატება უსურვა ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, რუბენ რამირეს ლესკანოსთან. განხილულ იქნა პარაგვაისა და საქართველოს შორის როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცების პოტენციალი და ამ კუთხით, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მზაობა. მინისტრის პირველმა მოადგილემ პარაგვაის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში არსებული მდგომარეობის, შესაძლებლობების და გამოწვევების თაობაზე. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.