საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შესახებ
27 მაისს, ბუენოს-აირესში, კულტურულ ცენტრში PALACIO LIBERTAD საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა. ელჩმა ისაუბრა ქართული კულტურისა და ათასწლოვანი ისტორიის, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად განვლილი გზის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს როლზე, ქართულ-არგენტინულ მჭიდრო ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე.
ღონისძიება წაიყვანა ქართული დიასპორის წარმომადგენელმა, ურუგვაიში მცხოვრებმა ხორხელინა სანჩეს ნაკაშიძემ, ხოლო ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქართველ-არგენტინელი მუსიკოსებისგან შემდგარმა კვარტეტმა, „სულიკომ“ , რომელმაც მსმენელის წინაშე ქართველი, არგენტინელი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები წარადგინა. საქართველოსა და არგენტინის ჰიმნები შესრულდა კოლონის თეატრის მომღერლის, ბარიტონ ხუან ფონტის მიერ.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო. ასევე, მათ საჩუქრად გადაეცათ წიგნი ქართული კულინარიის, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ, რომელიც დაიბეჭდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გამომცემლობა ONEMINETTA-ს სერიის „სახლის გემოს“ ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, არგენტინის ეროვნული კონგრესის, ქალაქ ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს, არგენტინის პროვინციების, აკადემიური და კულტურული წრეების წარმომადგენლები, ასევე არგენტინასა და ურუგვაიში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები. არგენტინის საგარეო უწყებას წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ხუან მანუელ ნავარო.