ბუენოს-აირესში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა
28 მაისს, ბუენოს-აირესში, სასტუმრო “ალვეარ პალასში" გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს, არგენტინის კონგრესის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური და კულტურული წრეების წარმომადგენლები, ასევე არგენტინასა და ურუგვაიში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები.
დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა გვარამ ხანდამიშვილმა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანმა ლეოპოლდო ფრანსისკო საორესმა.
ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 106 წლის წინ მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე, 105 წლის წინ არგენტინის მიერ საქართველოს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ ცნობის მნიშვნელობასა და ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის პერსპექტივაზე, რაც გამყარებულია ქვეყნის კანდიდატის სტატუსით. ელჩმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე, თანამშრომლობის პრიორიტეტებზე და ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში შემდგარ სამუშაო თუ მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.
თავის მხრივ, მდივანმა საორესმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს როგორც ინსტიტუციური თანამშრომლობის, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობების ჭრილში და დააფიქსირა არგენტინული მხარის მზაობა, გააღრმაოს პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობა.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქართველ-არგენტინელი მუსიკოსებისგან შემდგარმა კვარტეტმა „სულიკომ“, რომელმაც შეასრულა სულხან ცინცაძის, გია ყანჩელის, რევაზ ლაღიძის, ვაჟა აზარაშვილის, ასტორ პიაცოლასა და კარლოს გარდელის კომპოზიციები. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინო.