საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თბილისის მე-4 საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისთვის - „შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეებისა და ცვალებადი გარემოს პირობებში“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ გახსნითი სიტყვით მიმართა თბილისის მე-4 საერთაშორისო ფორუმის „შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეებისა და ცვალებადი გარემოს პირობებში“ მონაწილეებს.  

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ და შეთანხმებულ ძალისხმევას მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გავრცელების საფრთხესთან ბრძოლის მიმართულებით. 

ლაშა დარსალიამ ვრცლად ისაუბრა რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიითაა გამოწვეული. მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებით გამოყო უკრაინაში ატომური ელექტროსადგურებისა და ბირთვული ინფრასტრუქტურისთვის შექმნილი საფრთხე, რომელიც აფერხებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ადგილზე სავერიფიკაციო სამუშაოების სრულყოფილად განხორციელებას. ლაშა დარსალიამ ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე, სადაც კონტროლის მექანიზმების არარსებობა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის  სხვადასხვა სახის უკანონო საქმიანობისთვის,  მათ შორის, ტერორიზმის, მასობრივი განადგურების იარაღის, მასთან დაკავშირებული მასალებისა და ტექნოლოგიების გავრცელებისთვის. დასასრულს, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო სრულად აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და ცდილობს წვლილი შეიტანოს არსებული ბირთვული უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებაში.

ფორუმი იმართება „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს’’ ორგანიზებით. თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, ფორუმის ფარგლებში იმართება დისკუსიები მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აკადემიასა და ექსპერტებს შორის. დისკუსიების მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პრიორიტეტები, შავი ზღვის გაფართოებული რეგიონის გამოწვევები და შესაძლებლობები.