საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის სფეროები

არგენტინა:

რგენტინის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, პოლიტიკური დიალოგის გარდა, მუშაობა მიმდინარეობს ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 2019 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. აგრეთვე აღსანიშნავია იმავე წლის აგვისტოში კახეთის რეგიონსა და მენდოსის პროვინციას შორის ხელმოწერილი მემორანდუმი, რამაც ღვინის წარმოებით განთქმული ამ ორი რეგიონის ერთმანეთთან დაახლოებასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ორმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს არგენტინის რესპუბლიკის კონგრესის დეპუტატთა პალატაში შეიქმნა  საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი, ხოლო 2021 წლის ივნისში არგენტინის რესპუბლიკის სენატში პირველად დაფუძნდა საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი, რომლის თავმჯდომარეა სენატორი ლუსილა კრექსელი.

ურუგვაი:

ურუგვაისა და საქართველოს შორის, პოლიტიკური დიალოგის გარდა, მუშაობა მიმდინარეობს ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების ორი რაუნდი. ურუგვაის პარლამენტში შექმნილია საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 14 ივლისს მონტევიდეოში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა ოფიციალურად გახსნა საქართველოს საპატიო საკონსულო ქ. მონტევიდეოში, რომელსაც საპატიო კონსული ლუის ფრაპოლა ხელმძღვანელობს.

ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს ხელი მოეწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ურუგვაის ვაჭრობისა და სერვისების პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რითაც ურუგვაი Mercosur-ის პირველი ქვეყანა გახდა, რომლის სავაჭრო პალატასთანაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ითანამშრომლებს.

პარაგვაი:

ორმხრივ პოლიტიკურ დიალოგთან ერთად, პარაგვაი-საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე იმარება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. როგორც საქართველოს, ისე პარაგვაის პარლამენტში შექმნილია საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი. ამასთან, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 8 სექტემბერს საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა პარაგვაის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო, რომელსაც საპატიო კონსული ზურაბ ხუნტუა ჩაუდგა სათავეში.