2023 წლის 6 მარტს, პარაგვაის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გვარამ ხანდამიშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს ხულიო სესარ არიოლას. შეხვედრაზე, რომელმაც მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა, საქართველო-პარაგვაის ურთიერთობების მიმდინარე პრიორიტეტული საკითხები, ისევე როგორც ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები იქნა განხილული.
ვიზიტის დროს ელჩმა აგრეთვე შეხვედრები გამართა პარაგვაის საგარეო უწყების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და მათთან ერთად ორმხრივი ურთიერთობების, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ელჩი ასევე შეხვდა პარაგვაის ინდუსტრიული გაერთიანების პრეზიდენტს ენრიკე დუარტეს, რომელსაც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრა.