საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მე-10 გადახედვის კონფერენციაში მონაწილეობს

2022 წლის 1-5 აგვისტოს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მე-10 გადახედვის კონფერენციაში.

1 აგვისტოს მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით მიმართა გადახედვის კონფერენციას. გამოსვლაში ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მნიშვნელობას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნებისათვის. ბირთვული უსაფრთხოების პრობლემატიკის განხილვისას მან ასევე ისაუბრა მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ბირთვული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასა და ამ ტერიტორიებიდან მომდინარე სხვადასხვა საფრთხეზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა სამართლის ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების მნიშვნელობას.

გადახედვის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ჩილეს, ეკვადორის, ყირგიზეთის, უკრაინის, რუმინეთის, ფილიპინებისა და სენტ-ლუსიას წარმომადგენლებთან.