ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია ქართველი ებრაელების შესახებ ფოტო-გამოფენის გახსნის თაობაზე

9 ივნისს არგენტინის გენერალური არქივის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საელჩომ გახსნა ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ქართველი ებრაელების 26 საუკუნოვანი ისტორია“, რომელიც იმართება არგენტინაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ეროვნული არქივის, არგენტინის გენერალური არქივის, არგენტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბუენოს-აირესის ჰოლოკოსტის მუზეუმისა და არგენტინაში ებრაული თემის წარმომადგენლობითი ორგანოს DAIA-ს პატრონაჟით და გასტანს 24 ივნისის ჩათვლით. გამოფენაზე წარმოდგენილია მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველი ებრაელების ყოფის ამსახველი ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალა მათ შორის, საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმში დაცული გრამფირფიტების (ებრაული საგალობლების) ციფრული ვერსიები, ასევე ნაჩვენები იქნა 1932  წლის  მუნჯი ფილმი „ქართველი  ებრაელები“, სადაც აქცენტი  გაკეთებულია   ებრაელთა  ყოფაზე.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, გელა სეხნიაშვილმა,  არგენტინაში ებრაული თემის წარმომადგენლობითი ორგანოს DAIA-ს პრეზიდენტმა, არიელ კოჰენ საბანმა, არგენტინის გენერალური არქივის პრეზიდენტმა ემილიო პერინამ. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ გასულ საუკუნეში არგენტინაში დასახლებული ქართველი ებრაელების, ჩაფთოშვილებისა და ეხისკელაშვილების შთამომავლები.

 

/ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა საელჩოს მიაწოდა საქართველოს ეროვნულმა არქივმა/

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ