ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო მეგობრებო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბუენოს-აირესში საქართველოს საელჩო 2012 წელს გაიხსნა, საქართველოსა და არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცი წლის თავზე. საელჩოს გახსნა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისია. 

1919 წელს არგენტინამ მსოფლიოში პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, იპოლიტო ირიგოიენის მთავრობამ საკმაოდ შორი მანძილის მიუხედავად, ამოიცნო მაშინდელ ქართულ რესპუბლიკაში საერთო ფასეულობები: თავისუფლებისადმი ლტოლვა, დემოკრატია, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა. სამწუხაროდ, საქართველოს პირველ რესპუბლიკას ხანგრძლივი არსებობა არ ეწერა - ჩვენი ქვეყნის საბჭოთა იმპერიის წიაღში ძალისმიერმა შეყვანამ, მისი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის პირველი გამოცდილება ჩანასახშივე მოსპო. ამ ტრაგიკულ ეპიზოდს მრავალი ქართველი საზოგადო მოღვაწის უცხოეთში გადახვეწა მოჰყვა, მათ შორის არგენტინაშიც. აქ, ბუენოს-აირესის პროვინციაში იმართებოდა ქართველი პატრიოტების შეხვედრები, იბეჭდებოდა წიგნები და საინფორმაციო გამოშვებები საქართველოზე. ისინი ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ არასდროს ჩამქრალა მათ გულებში დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების მოლოდინი, ქართული კულტურის ცოდნას და სიყვარულს გადასცემდნენ შვილიშვილებს. რა ბედნიერები იქნებოდნენ ისინი დღეს, საქართველოს საელჩოს გახსნას რომ მოსწრებოდნენ ქვეყანაში, რომელმაც მათ კარი გაუღო და თბილად მიიღო. 

დღეს საქართველო კვლავ დამოუკიდებელია და განუხრელად ადგას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას, ეფექტური სახელმწიფო სტრუქტურებით, უსაფრთხო გარემოთი და სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც მას ოდითგანვე გააჩნდა. საქართველო შესასვლელი კარია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებისაკენ. მისი საგადასახადო კანონმდებლობა ხელსაყრელი და გამჭვირვალეა ექსპორტისა და რეექსპორტისთვის. საქართველოს გააჩნია ეფექტური სერვისები და გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ქართული დიპლომატიის გადაფარვა ნელ-ნელა იზრდება და არგენტინა ამ ზრდის პროცესში ლოგიკურ ეტაპად იქნა მიჩნეული, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ქვეყანა და მნიშვნელოვანი გლობალური მოთამაშე, სადაც საქართველოს საელჩო უნდა ჰქონოდა. საელჩოს მიზანია, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-კომერციულ ურთიერთობებს და პოლიტიკურ დიალოგს.

საქართველო, ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის მიუხედავად, დიდი ისტორიის და ძველი სამეფო ტრადიციების ქვეყანაა. მისი მრავალსაუკუნოვანი კულტურისადმი ვერავინ დარჩება გულგრილი: ქართულ მრავალხმიან სიმღერას, ქართულ ცეკვებს და საერთოდ ქართულ ხელოვნებას ბევრი მოუხიბლავს და საელჩოც იმუშავებს, რათა გააცნოს არგენტინელებს ქართულ კულტურა. საქართველოში შუა საუკუნეების უამრავი არქიტექტურული ძეგლია, ხოლო მუზეუმებში კი შესაძლებელია ხელოვნების იმ საოცარი ნიმუშების ნახვა, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულიდან დღემდე იქმნებოდა საქართველოში, მითიური კოლხეთის ოქრომჭედლობიდან მეოცე საუკუნის ქართულ ფერწერამდე. საქართველოს ასევე გააჩნია უძველესი მეღვინეობის ტრადიცია, რომელიც ორიგინალური ენდემური მრავალათასწლიანი ასაკის ვაზის ჯიშებს იყენებს, როგორებიცაა საფერავი, რქაწითელი, მწვანე და ა.შ.

საქართველოს საელჩო ასევე აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოსა და ეკვადორის რესპუბლიკაში. ამ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების, აქტიური პოლიტიკური დიალოგის და სავაჭრო კონტაქტების არსებობა საელჩოსთვის ასევე პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

საქართველოს საელჩოს კარი ღიაა ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის მსურველი ბიზნესმენებისთვის და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენი ქვეყნის მონახულება და მისი კულტურის გაცნობა სურს. თქვენს სამსახურში გვიგულეთ!

 

საუკეთესო სურვილებით,

გელა სეხნიაშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ