საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ელჩების კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

ელჩების ყოველწლიური კონფერენციის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“ მონაწილეებს გახსნით სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო უწყების ხელმძღვანელს გლობალური პანდემიის პირობებში და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რაც უკავშირდებოდა როგორც პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარებას, ისე ქვეყნისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზებას.

„ამ რთულ ვითარებაში თქვენ გამოიჩინეთ მაღალი პროფესიონალიზმი, სოლიდარობისა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი უჩვენეთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას; თქვენ მართლაც არაერთხელ შეძელით შეუძლებელი და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩვენი მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით, მადლობა მინისტრს და მადლობა თითოეულ თქვენგანს- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე დიპლომატების საქმიანობის, პარტნიორების ჩართულობის და საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელობაზე, როგორც პანდემიის, ასევე მისი თანმდევი შედეგების დაძლევისთვის. მან ხაზი გაუსვა შემდგომ ძალისხმევის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების, კეთილდღეობის, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების, საერთაშორისო სივრცეში საქართველოს პოტენციალის წარმოჩენის მიმართულებით. ასევე შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, სადაც შემუშავდა ახალი ამბიციური დღის წესრიგი, დაისახა პარტნიორობის შემდგომი მიზნები და წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმა მათ განსახორციელებლად.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის ურყევ ნებას ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ისაუბრა დეოკუპაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის სამთავრობო ხედვაზე. ვრცლად შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველოს მიერ გაწეულ შუამავლობასა და მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივას, რაც რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას უზრუნველყოფს. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხედვა და ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის თანამშრომლობაზე მსოფლიოს უმსხვილეს კომპანია “Rothschild”-თან, რომლის მიზანია საქართველოსთვის რეგიონულ ფინანსურ ცენტრის (ჰაბის) პოზიციის დამკვიდრებას, რაც ქვეყანას დამატებით ფინანსურ ინვესტიციას მოუტანს. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა დიასპორასთან ურთიერთობის და მათი ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში, ასევე დიპლომატიური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობასა და მათი პირობების გაუმჯობესებისთვის.