საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიასპორის დაჯილდოება 2021

2021 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების  ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის  მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჯილდო ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის  გადაეცათ  ამერიკაში მოღვაწე მსახიობს და რეჟისორს ირაკლი კავსაძეს, პიანისტ ლექსო თორაძესა და თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელს ომარ ფარუქ დემირთაშს. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ საფრანგეთში მოღვაწე მეცნიერი და მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე და ოქსფორდში ქართული ენის კურსების ხელმძღვანელი ლია ჩოკოშვილი.

სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა წარმატებულ ქართველ კიკბოქსიორს გიგა ჭიკაძეს, ხოლო სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოები გადასცეს ამერიკაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს მამუკა წერეთელსა და  სლოვაკეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს და მეცენატს ნოდარ გიორგაძეს.

საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს მფლობელები გახდნენ ხატია ხაბულიანი, რომელიც ეხმარება რუსთავის ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარს და ნიდერლანდებში ჩაატარა არაერთი საქველმოქმედო კონცერტი და ვიქტორ სირელსონი, რომელიც 1996 წლიდან მხარს უჭერს ამერიკაში წასულ ქართველ ხელოვანებს და დააარსა  ქართული ცეკვისა და სიმღერის არაერთი ჯგუფი. ხოლო ნომინაციაში „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ ჯილდოები გადაეცათ ენდერს ვინბუშს, რომელიც 90-იანი წლებიდან საქართველოს ლობისტია ამერიკაში და ლასლო ბორჰის, რომელმაც ბუდაპეშტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კათედრა დააარსა.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ ICMPD-ის ძალისხმევით, დაჯილდოების ცერემონიაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ესპანეთიდან და სლოვენიიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა. ორივე ანსამბლი ქართულ კლასიკურ და ხალხურ მუსიკას ასრულებს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ესპანელი და სლოვენიელი მომღერლებისგან. ესპანეთში მოღვაწე ანსამბლი Vocal Vircan კატალონიელი და ქართველი მომღერლებისგან შედგება და 2019 წელს დაფუძნდა. ხოლო ანსამბლი „კვალი“/Kvali (K’vali) 2008 წელს ჩამოყალიბდა და მას ქართველი დიასპორელი ხელმძღვანელობს, რომელმაც ანსამბლის განვითარებისა და ქართული მუსიკის შემდგომი პოპულარიზაციისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების  საგრანტო პროექტში გაიმარჯვა.