საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება

2021 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება.

 

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პირველი თანამედროვე კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ. სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდნენ. დოკუმენტის შემუშავება სამი წელი გრძელდებოდა, თუმცა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მხოლოდ ოთხი დღე მოქმედებდა.

 

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (1918-1921 წწ.), თავისი არსებობის ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე. აღნიშნულს ორგანულად უკავშირდებოდა 1921 წლის კონსტიტუცია, რომელიც ორიენტირებული იყო დემოკრატიულ ფასეულობებსა და პრინციპებზე; საქართველოში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებასა და განმტკიცებაზე.

 

ქვეყნის ძირითად კანონს საფუძვლად დაედო დემოკრატიული რესპუბლიკის შერეული მოდელი, რომლის მიხედვითაც მოხდა ფრანგული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიისა და შვეიცარიული უშუალო დემოკრატიის პრინციპების შეზავება საუკეთესო სინთეზის მიღების მიზნით. ამავე დროს გათვალისწინებული იყო იმდროინდელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკა.

 

იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგებოდა; ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

 

კონსტიტუციის პირველივე მუხლის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

იმ დროის საქართველო რიგით მერვე ქვეყანა გახდა, სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ. ელეონარა ტერ-ფარსეგოვა, ანა სოლოღაშვილი, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე - 1919 წლის თებერვალში სწორედ ეს ხუთი ქალი აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში და ისინი მონაწილეობას იღებდნენ პირველი კონსტიტუციის შემუშავებაში.

 

ქვეყნის ახალი ძირითადი კანონი, 1995 წლის კონსტიტუცია თავის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობად სწორედ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას ასახელებს, რითაც მისი დემოკრატიული სულისკვეთება აღიარა და ძირითადი პრინციპებისადმი ერთგულების დაადასტურა.

 

კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა.