საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ურუგვაელ კოლეგას შეხვდა

26.09.2018 ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ურუგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს როდოლფო ნინ ნოვოას შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ურუგვაის სამომავლო კავშირების გამყარებას და პარტნიორობას. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ  მსგავსებას, მათ შორის, მედიათავისუფლების, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით. თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებზე საუბრისას, მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პოტენციალი. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს ურუგვაიში, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში და ამ მხრივ, ურუგვაის მდიდარი გამოცდილების გაზიარებას.

ურუგვაი დაინტერესდა საქართველოს საინვესტიციო და სატრანზიტო შესაძლებლობებით, რომელიც კარგი პლატფორმა შეიძლება გახდეს ურუგვაელი ბიზნესენებისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში ბიზნესის საწარმოებლად.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ურუგვაელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა გააცნო და ასევე ინფორმაცია მაიწოდა კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია განავითაროს ურთიერთობები ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. ​