საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

Irakli Kurashvili

ძვირფასო მეგობრებო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბუენოს-აირესში საქართველოს საელჩო 2012 წელს გაიხსნა. ამ წლების მანძილზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური გახდა და არსებობს დიდი პოტენციალი, მომავალში კიდევ უფრო გაღრმადეს თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი აღნიშნა. 1919 წელს სწორედ არგენტინამ მსოფლიოში პირველმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. პრეზიდენტ იპოლიტო ირიგოენის მთავრობამ, საკმაოდ შორი მანძილის მიუხედავად, საქართველოს მაშინდელ რესპუბლიკაში ამოიცნო საერთო ფასეულობები: თავისუფლებისადმი ლტოლვა, დემოკრატია, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა. სამწუხაროდ, საქართველოს პირველ რესპუბლიკას ხანგრძლივი არსებობა არ ეწერა - ჩვენი ქვეყნის საბჭოთა იმპერიის წიაღში ძალისმიერმა შეყვანამ მისი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის პირველი გამოცდილება ჩანასახშივე მოსპო.

დღეს საქართველო კვლავ დამოუკიდებელია და განუხრელად ადგას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას, ეფექტური სახელმწიფო სტრუქტურებით, უსაფრთხო გარემოთი და სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც მას ოდითგანვე ჰქონდა. საქართველო შესასვლელი კარია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებისაკენ. მისი საგადასახადო კანონმდებლობა ხელსაყრელი და გამჭვირვალეა ექსპორტისა და რეექსპორტისთვის. საქართველო ფლობს ეფექტურ და მთელი რეგიონისათვის სამაგალითო სერვისებს და გამართულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები შესანიშნავია. საქართველოს მეგობარი ქვეყანა - არგენტინა, როგორც გლობალური პოლიტიკური მოთამაშე, თავისი  უზარმაზარი რესურსებით, საქართველოსათვის ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და, გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, თავისი უმდიდრესი კულტურით ძალიან ახლოა ქართველებისათვის. ბუენოს-აირესში მდებარე საელჩოს მიზანია, ყველანარად ხელი შეუწყოს საქართველოს ცნობადობის ზრდას არგენტინასა და რეგიონში და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ საფეხურზე აიყვანოს.

საელჩოს მნიშვნელოვანი მისიაა ასევე მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის პოპულარობა გაზარდოს არგენტინასა და გადაფარვის ქვეყნებში. ამას გარდა, ორ ქვეყანას შორის გამაერთიანებელი ფაქტორი ღვინოა. საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო არგენტინა მთელ მსოფლიოში  ღვინის მწარმოებელ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს.    

ბუენოს-აირესში განლაგებული საქართველოს საელჩო ასევე აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოსა და ეკვადორის რესპუბლიკაში. ამ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების, აქტიური პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო კონტაქტების გაღრმავება და ამ ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა საელჩოსთვის ასევე პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს

საქართველოს საელჩოს კარი ღიაა ჩვენი თანამემამულეებისთვის, საქართველოსთან თანამშრომლობის მსურველი საქმიანი წრეებისა და საქართველოთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენი ქვეყნის მონახულება და მისი კულტურის გაცნობა სურს. საქართველოს არგენტინასთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან აქვს უვიზო რეჟიმირაც ძალიან ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესს. საქართველო, როგორც მზარდი ტურიზმის ქვეყანა, ყოველთვის მოხარულია უმასპინძლოს არგენტინიდან და  დაფარვის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს.

ირაკლი ყურაშვილი