საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ეწვია ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკას

2021 წლის 12-15 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკას.

13 ივლისს ურუგვაიში საქართველოს ელჩი ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანსისკო ბუსტილიოს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო-ურუგვაის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა. მინისტრი მიესალმა ურუგვაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნას და აღნიშნა, რომ მონტევიდეოში საქართველოს საპატიო საკონსულოს დაფუძნება ახალ ფურცელს ხსნის ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების 27-წლიან ისტორიაში.

ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრები გამართა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორთან კარლოს ჯიტოსთან, საერთაშორისო ეკონომიკურ საქმეთა გენერალურ დირექტორთან ვიქტორია ფრანკოლინოსთან და კულტურის საქმეთა გენერალურ დირექტორთან პაბლო შაინერთან.

14 ივლისს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ურუგვაის ვაჭრობისა და სერვისების პალატაში, რომლის დროსაც აღნიშნულ პალატასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამრიგად, ურუგვაი MERCOSUR-ის პირველი ქვეყანა გახდა, რომლის სავაჭრო პალატასთანაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ითანამშრომლებს.