საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

არგენტინაში საქართველოს საელჩომ ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, 26 მაისს არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მოაწყო ქართველ-არგენტინელი მხატვრის გოჩა გაიოსის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ვირტუალურად საელჩოს სოციალურ ქსელებში გაშუქდა სპეციალურად მომზადებული დოკუმენტური ფილმის სახით.

ფილმი აღწერს გოჩა გაიოსის ცხოვრებასა და შემოქმედებას საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის სიბრტყეში, ვიზუალურად წარმოაჩენს მის თვალსაჩინო ნამუშევრებს, მოიცავს ელჩის ირაკლი ყურაშვილის მისალმებას 26 მაისთან დაკავშირებით და საელჩოს მრჩევლის სოფია ვეკუას კომენტარებს ქართველ-არგენტინელი მხატვრის შესახებ; ამას გარდა, ცნობილი არგენტინელი ხელოვნებათმცოდნეები და არტისტები საუბრობენ გოჩა გაიოსის შემოქმედებაზე, ხოლო არგენტინაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები მხატვრის პიროვნულ პორტრეტზე ამახვილებენ ყურადღებას. 

დოკუმენტური ფილმი განთავსებულია საქართველოს საელჩოს ფეისბუქის გვერდზე (Embajada de Georgia en Argentina/საქართველოს საელჩო არგენტინაში).