საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ მ.წ. 21 ოქტომბერს გარდაიცვალა პარაგვაის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული კონრადო პაპალარდო სალდივარი.
 
კონრადო პაპალარდო პარაგვაის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულად 2012 წელს დაინიშნა. დანიშვნის დღიდან იგი ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს როგორც პარაგვაიში, ასევე სამხრეთ ამერიკის რეგიონში. მას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და პარაგვაის შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაში, საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საქმეებში. ბატონი პაპალარდო გვემახსოვრება როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი და წარმომადგენელი პარაგვაის რესპუბლიკაში.
 
კონრადო პაპალარდო იყო გავლენიანი საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი. მას ეკავა მრავალი მნიშვნელოვანი საჯარო თანამდებობა, ხოლო უკანასკნელ პერიოდში ეწეოდა წარმატებულ ბიზნეს-საქმიანობას.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს კონრადო პაპალარდოს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.