საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მეგობართა ჯგუფის “მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” საინაუგურაციო შეხვედრაში

2020 წლის 25 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის  მიერ ინიცირებული არაფორმალური მეგობართა ჯგუფის - “მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” საინაუგურაციო ვირტუალურ შეხვედრაში. 

მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვედეთის მხარეს მეგობართა ჯგუფში საქართველოს მოწვევისთვის, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიერ დემოკრატიის განმტკიცებისა და რეფორმირების კუთხით პროგრესის საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებას. ამასთანავე, მან გამოხატა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების საკუთარი წარმატებული გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების მზადყოფნა.

„არაფორმალური მეგობართა ჯგუფი არის პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ძალისხმევას საერთო მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს დემოკრატიული თავისუფლებების გაღრმავებასა და დაცვას, ასევე დემოკრატიული ღირებულებების კონსოლიდაციის მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

მეგობართა ჯგუფის საინაუგურაციო შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუგუსტოს სანტოს სილვამ, ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოტმან ჯერანდიმ, ლიბერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დი-მაქსველ სააჰ კემაიაჰმა, მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიამცერენ ენხტაივანმა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კაროლინა აჩე ბატიემ. მონაწილეებმა განიხილეს მეგობართა ჯგუფის მუშაობის მოდალობები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გზები. 

“მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” წარმოადგენს შვედეთის მთავრობის ახალ ინიციატივას, რომელიც ემსახურება დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით გლობალური ალიანსის შექმნას იმ ქვეყნების ჩართულობით, რომლებთანაც შვედეთს საერთო ღირებულებები აკავშირებს. მეგობართა ჯგუფში გეოგრაფიული რეგიონებიდან წარმოდგენილია თითო ქვეყანა. ამ ეტაპზე ჯგუფის წევრები, საქართველოსთან ერთად, არიან პორტუგალია, მონღოლეთი, ლიბერია, ტუნისი და ურუგვაი. მეგობართა ჯგუფის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებული შესაძლებლობებისა და რისკების შეფასება და ერთობლივი ქმედებებისათვის პრიორიტეტების იდენტიფიცირება, ასევე დემოკრატიული განვითარების გზაზე წარმატებული გამოცდილების გაზიარება.